Yandex.Go

Yandex Taxi‑ს (Yandex Go‑ს) სამომხმარებლო შეთანხმება
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე პირობები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პირობები“) წარმოადგენს შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც Yandex Taxi) შეთავაზებას ინტერნეტქსელის მომხმარებლისთვის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მომხმარებელი“), გამოიყენოს Yandex Taxi (Yandex Go) (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „სერვისი“).
1.2. მომხმარებლის სერვისთან ურთიერთქმედებას არეგულირებს როგორც წინამდებარე პირობები, ისე შემდეგი დოკუმენტები:
- პრომოკოდების გამოყენების პირობები (https://taxi.yandex.com.ge/promocode);
- შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ (https://yandexgo.com/legal/yandexgo_privacy_notice)
(შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მარეგულირებელი დოკუმენტები“).
1.3. სერვისით / მისი ცალკეული ფუნქციებით სარგებლობის დაწყებისას ითვლება, რომ მომხმარებელი სრულად, ყოველგვარი დათქმისა და გამონაკლისის გარეშე, ეთანხმება როგორც წინამდებარე პირობების, ისე მარეგულირებელი დოკუმენტების დებულებებს. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება პირობების ან/და მარეგულირებელი დოკუმენტების რომელიმე დებულებას, მას არ უნდა ისარგებლოს სერვისით.
1.4. Yandex Taxi‑ს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები როგორც წინამდებარე პირობების, ისე მარეგულირებელი დოკუმენტების დებულებებში. პირობების მიმდინარე რედაქცია ხელმისაწვდომია მისამართზე https://yandexgo.com/legal/yandexgo_termsofuse. პირობებსა და მარეგულირებელ დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებების დროულად გაცნობაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს მომხმარებელი; პირობებსა და მარეგულირებელ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შემდეგ სერვისით სარგებლობის გაგრძელება გულისხმობს პირობებისა და მარეგულირებელი დოკუმენტების ახალ რედაქციებზე თანხმობას.
1.5. მომხმარებელმა უნდა შეწყვიტოს სერვისით სარგებლობა, თუ ის არ ეთანხმება აღნიშნულ პირობებში Yandex‑ის მიერ შეტანილ ცვლილებებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე დოკუმენტის ქვეპუნქტში 1.4.
1.6. სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, უსასყიდლოდ განათავსოს ინფორმაცია მგზავრებისა და ბარგის ტრანსპორტირების მომსახურების მისი მხრიდან პოტენციური საჭიროების შესახებ, გაეცნოს იმ ორგანიზაციების შემოთავაზებებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში სთავაზობენ მას მომსახურებას, და, ასევე, მოიძიოს ამგვარი შემოთავაზებები მომხმარებლის მიერ დაყენებული პარამეტრების მიხედვით. სერვისის ამჟამად ხელმისაწვდომ ყველა ფუნქციაზე, ასევე, მათ ნებისმიერ განახლებაზე ან/და ახალდამატებულ ფუნქციებზე ვრცელდება წინამდებარე პირობები.
1.7. მომხმარებლის რეგიონის მიხედვით, სერვისის ნებისმიერი ან ყველა ფუნქცია, შესაძლოა, მიუწვდომელი ან შეზღუდული იყოს. კონკრეტულ რეგიონში მყოფი მომხმარებლისთვის ფუნქციები მიუწვდომლად (შეზღუდულად) ითვლება, თუ აღნიშნული მომხმარებელი აშკარა სახით ვერ ახერხებს მათით სარგებლობას. აღნიშნული შეზღუდვებისთვის რაიმე ტექნიკური ან პროგრამული მეთოდებით გვერდის ავლა აკრძალულია. წინამდებარე პირობების დებულებები, რომლებიც არეგულირებს სერვისის მომხმარებლისთვის მიუწვდომელ (შეზღუდულ) ფუნქციებს, არ იმოქმედებს, სანამ აღნიშნული ფუნქციები აშკარა სახით არ იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. კონკრეტულ რეგიონში სერვისის ფუნქციების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება მის მიერ Yandex Taxi‑სთვის გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე.
1.8. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით განვმარტავთ, რომ Yandex Taxi არ უზრუნველყოფს მგზავრებისა და ბარგის ტრანსპორტირების მომსახურებებს, ასევე, არც ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურს.
1.9. მომხმარებლის ყველა საუბარი მხარდაჭერის სამსახურთან და სერვისის პარტნიორების მძღოლებთან, შესაძლოა, ჩაწერილ იქნას ხარისხის კონტროლისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით.
1.10. სერვისის გამოყენებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე. მომხმარებელს საშუალება აქვს, უარი განაცხადოს სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, სერვისის შესაბამისი ფუნქციონალის ან მიღებულ სარეკლამო შეტყობინებაში მოცემული მითითებების საშუალებით.
2. სერვისით სარგებლობა. სერვისის კონკრეტული ფუნქციები
2.1. სერვისი მომხმარებელს მიეწოდება პირადი, არაკომერციული გამოყენების მიზნით.
2.2. მგზავრებისა და ბარგის ტრანსპორტირების მომსახურებების შესახებ ინფორმაცია (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ინფორმაცია“) უზრუნველყოფილია სერვისის პარტნიორების მიერ. პარტნიორების სია ხელმისაწვდომია მისამართზე http://taxi.yandex.com/partners. შემოთავაზებული მომსახურებების შესახებ დეტალური ცნობებისთვის (ტაქსის სალონში Wi‑Fi ქსელის ხელმისაწვდომობის, უფლებების მფლობელის პარტნიორის მიერ ტაქსის სალონში ფოტო‑/ვიდეოგადაღების და სხვა ინფორმაციის ჩათვლით) მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს სერვისის პარტნიორებს, ან სერვისის ფუნქციონალის საშუალებით დატოვოს თავისი საკონტაქტო მონაცემები, რომელთა გამოყენებითაც სერვისის პარტნიორები შემდეგ შეძლებენ მასთან დამოუკიდებლად დაკავშირებასა და მისთვის შეთავაზებული მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
2.3. Yandex Taxi პასუხს არ აგებს სერვისის პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსზე ან/და აქტუალობაზე, მათ შორის, არც ინფორმაციაზე პარტნიორების მომსახურებების ღირებულებისა და ამა თუ იმ მომენტში მათი ხელმისაწვდომობის შესახებ. მომხმარებელი დამოუკიდებლად (Yandex Taxi‑ს მონაწილეობის გარეშე) ათანხმებს პარტნიორებთან მომსახურებათა უზრუნველყოფის საკითხს, პარტნიორების მხრიდან მომსახურებათა გაწევის წესების შესაბამისად. Yandex Taxi პასუხს არ აგებს მომხმარებლისა და პარტნიორების ფინანსურ თუ ნებისმიერ სხვა სახის გარიგებებზე, ასევე, მომხმარებლის მიერ პარტნიორების მომსახურებებით სარგებლობის შედეგებზე.
2.4. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სერვისის პარტნიორების მომსახურებათა შეფასების, ასევე, სერვისის ან/და სერვისის პარტნიორების მომსახურებათა შესახებ კომენტარების/გამოხმაურებების დატოვების ფუნქციები. მომხმარებელთა შეფასებები და გამოხმაურებები ქვეყნდება სერვისის ვებსაიტზე, ხოლო მათი ნახვა შესაძლებელია მესამე მხარის ვებსაიტებზეც. Yandex Taxi იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს შეფასებების/გამოხმაურებების გამოქვეყნებაზე და ნებისმიერ დროს წაშალოს/დაბლოკოს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი შეფასება/გამოხმაურება, თავისი შეხედულებისამებრ, მიზეზის ახსნის გარეშე.
2.5. Yandex Taxi იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუზღუდოს მომხმარებელს წვდომა სერვისზე (ან სერვისის ცალკეულ ფუნქციებზე, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია) მისი ანგარიშის მეშვეობით, ან სრულად დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში, წინამდებარე პირობების არაერთგზის დარღვევის შემთხვევაში, ანდაც მომხმარებლის მიმართ გამოიყენოს სხვა ზომები კანონმდებლობის ან მესამე მხარეთა უფლებებისა თუ ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით.
2.6. ტაქსის მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნის პერიოდში (წინასადღესასწაულო დღეების, მასობრივი ღონისძიებების გამართვის დღეებისა და სხვა შემთხვევების ჩათვლით) სერვისის ტარიფები, შესაძლოა, გაიზარდოს. ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაციას Yandex Taxi ავრცელებს სერვისის ვებსაიტზე http://taxi.yandex.com შესაბამისი შეტყობინების განთავსების გზით, ან სხვაგვარად, Yandex Taxi‑ს გადაწყვეტილების შესაბამისად, მათ შორის, მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე საინფორმაციო შეტყობინების გაგზავნის საშუალებით.
2.7. მგზავრებისა და ბარგის ტრანსპორტირების მომსახურებები „ეკონომის“, „კომფორტის“, „ბიზნესის“ და სერვისში წარმოდგენილი სხვა ტარიფებით ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით. ავტომობილები რანჟირდება ავტომატურად, ავტომობილების წარმადობის მაჩვენებლების შესახებ სერვისის პარტნიორების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.
2.8. მოთხოვნის გაუქმება, შესაძლოა, დაექვემდებაროს მოსაკრებლის გადახდას შემდეგ შემთხვევებში:
(1) თუ მომხმარებელი მოთხოვნას სერვისის მეშვეობით გააუქმებს მას შემდეგ, რაც ავტომობილი მის ასაყვანად მივა, ან მომხმარებელი არ გამოცხადდება აყვანის ადგილზე ავტომობილის მისვლიდან 30 წუთის განმავლობაში (უფასო ლოდინის დროის გათვალისწინებით).
ასეთ შემთხვევაში ფასიანი გაუქმების ღირებულება გამოითვლება, როგორც შემდეგი კომპონენტების ჯამი:
(ა) მინიმალური ღირებულება, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი ტარიფი;
(ბ) ლოდინის წუთების რაოდენობა (რომელიც აღემატება უფასო ლოდინის წუთების რაოდენობას, მაგრამ არ აჭარბებს 30 წუთს) გამრავლებული ფასიანი ლოდინის წუთის ღირებულებაზე, რომელსაც ითვალისწინებს მომხმარებლის მიერ არჩეული ტარიფი.
(2) თუ მომხმარებელი სერვისის მეშვეობით გააუქმებს მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებს ფასიან აყვანას, სერვისის ინტერფეისში მოთხოვნის დადასტურებიდან სამი (3) წუთის შემდეგ.
ასეთ შემთხვევაში, ფასიანი გაუქმების ღირებულება არ აღემატება მომსახურების მინიმალურ ღირებულებასა და ფასიანი აყვანის ღირებულებას, რომლებსაც ითვალისწინებს შესაბამისი ტარიფი.
მოსაკრებელი არ იქნება დაკისრებული, თუ მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ფასიან აყვანას, გაუქმდება მაშინ, როცა ავტომობილის ადგილზე მოსვლის სავარაუდო დრო 2 წუთზე მეტით გაიზრდება, მოთხოვნის დადასტურებისას სერვისის ინტერფეისში მითითებულ დროსთან შედარებით.
(3) აეროპორტის მიმართულებით მოთხოვნის გაუქმებისას მოქმედებს ქალაქის ტარიფი, რა შემთხვევაშიც გამონაკლისია დანიშნულების წერტილში მისვლის ღირებულება, რომელიც გამოითვლება, როგორც ავტომობილის მისვლა ქალაქგარეთ, შესაბამისი ტარიფის მიხედვით.
2.9. მომხმარებლის მდებარეობისა და მის მახლობლად სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიხედვით, მომხმარებელს, შესაძლოა, დამატებითი საფასურის სანაცვლოდ („ფასიანი აყვანა“) შეეთავაზოს ტრანსპორტირების მომსახურების შეკვეთა სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც შედარებით შორს მდებარეობს. ფასიანი აყვანის ღირებულება გამოითვლება (1) შესაბამის სატრანსპორტო საშუალებისა და მომხმარებლის მდებარეობებს შორის მანძილისა და (2) იმ დროის საფუძველზე, რომელიც აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას სჭირდება ამ მანძილის დასაფარად. მომხმარებელი უფლებამოსილია, საკუთარი სურვილისამებრ, დაეთანხმოს ფასიან აყვანას, ან უარყოს ის, Yandex Go‑ს მობილურ აპში შესაბამის ღილაკზე დაჭერის გზით. ფასიან აყვანაზე თანხმობის განცხადების შემთხვევაში ფასიანი აყვანის ღირებულება დაემატება ტრანსპორტირების მომსახურების ფასს. შეკვეთის შემდეგ (ფასიანი აყვანის შემთხვევების ჩათვლით), მომხმარებელს ექნება უფასო გაუქმების პერიოდი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „უფასო გაუქმების პერიოდი“). უფასო გაუქმების პერიოდის ვადა თითოეული შეკვეთისთვის ინდივიდუალურად გამოითვლება და მომხმარებელს ეცნობება Yandex Go‑ს მობილური აპლიკაციის მეშვეობით. თუ მომხმარებელი გადაწყვეტს, გააუქმოს შეკვეთა უფასო გაუქმების პერიოდის ამოწურვის შემდეგ (გვიანი გაუქმება), მომხმარებელს დაეკისრება ფასიანი აყვანის სრული ღირებულების გადახდა (ეხება მხოლოდ ტრანსპორტირების მომსახურებას, რომლის ღირებულებაც გადაიხდება საბანკო ბარათით).
2.10. სერვისის გამოყენებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს Yandex Taxi‑ს მიერ პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემების) დამუშავებაზე, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის Yandex Taxi‑ს პარტნიორებისთვის გადაცემასა და Yandex Taxi‑ს პარტნიორების მიერ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, სერვისის ფარგლებში მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნით.
სერვისის გამოყენებისას მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება კონფიდენციალურობის შესახებ იმ შეტყობინებაში განსაზღვრული პირობებისა და მიზნების შესაბამისად, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე https://yandexgo.com/legal/yandexgo_privacy_notice.
მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ თუ მომხმარებელი გაწევრიანებულია საზიარო ანგარიშში, წინამდებარე დოკუმენტის მე‑4 პუნქტში განმარტებულის შესაბამისად, და იმგზავრებს თავისი პოტენციური საჭიროების შესახებ ინფორმაციის მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი Yandex Taxi‑ს აპლიკაციით განთავსების შემდეგ, ამგვარი მგზავრობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება იმ პირისთვის, რომელმაც აღნიშნული ერთობლივი ანგარიში შექმნა.
2.11. როცა მომხმარებელი უკვეთს საკურიერო მიტანის მომსახურებას, მომხმარებელს უფლება არ აქვს, მოითხოვოს შემდეგი პროდუქტების მიტანა:
- პისტოლეტები, სამოქალაქო და სამსახურებრივი იარაღი, საბრძოლო მასალა, იარაღის სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები, მშვილდები და არბალეტები სასროლო სპორტისთვის, იარაღი სინათლის, კვამლისა და ხმოვანი სიგნალებისთვის, ელექტროიარაღი, ელექტროშოკერები და სასწავლო ტყვიამფრქვევები, ბასრი ცივი იარაღი, ტრალები, კასტეტები, სიურიკენები, ბუმერანგები და სხვა ხელნაკეთი ნივთები, რომელთაც აქვს დარტყმის, დაჩეხის, სროლის ფუნქცია, წვეტიანი ან მჭრელი საგნები, გამონაკლისია სპორტული აღჭურვილობა, ორმაგი დანიშნულების მქონე სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა და მათი აქსესუარები;
- ნარკოტიკული ნივთიერებები, ფსიქოაქტიური ნივთიერებები, პრეკურსორები და მათი ეკვივალენტები;
- ბირთვული, რადიოაქტიური, ძლიერმოქმედი, კოროზიული, ფეთქებადი ან აალებადი ნივთიერებები, ასაფეთქებლები, პიროტექნიკური საშუალებები და მათი შემცველი პროდუქტები, ასევე სხვა სახიფათო ნივთიერებები;
- საწამლავები, შხამიანი ცხოველები, მომწამვლელი ნივთიერებები, შხამიანი მცენარეები და შხამიანი მცენარეების თესლები;
- ქართული ეროვნული ვალუტა და უცხოური ვალუტა;
- ბეჭდური პროდუქცია, ვიზუალური მასალები, კინო‑, ფოტო‑, აუდიო‑ და ვიდეომასალები, რომლებიც კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი ცვლილების, საქართველოს მთლიანობის დარღვევის, სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ, ომის, სოციალური, რასობრივი, ეროვნული, რელიგიური, კლასობრივი ან კლანური უპირატესობის, სისასტიკის კულტის, ძალადობის ან პორნოგრაფიის პოპულარიზაციას ან აგიტაციას ეწევა;
- მალფუჭებადი პროდუქტები სპეციალური შეფუთვის გარეშე;
- ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც მათი თავისებურების ან შეფუთვის გამო, შესაძლოა, სახიფათო იყოს ადამიანებისთვის, ან რომლებმაც, შესაძლოა, დააბინძუროს ან გააფუჭოს (დააზიანოს) სხვა ტვირთი, გარშემომყოფი ადამიანები ან საგნები;
- ცხოველები და მცენარეები, ბიომასალები;
- პროდუქტები (მათ შორის, საკვები), რომლებიც ტრანსპორტირებისთვის სპეციალურად აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს საჭიროებს;
- სითხეები ღია კონტეინერებში;
- დიდი ზომის ნივთები, რომელთა სიგრძის, სიგანის (რულონის ძირის ორი დიამეტრი ან ღერძი) და სიმაღლის ჯამი აღემატება 150 სმ‑ს (თუ კონკრეტულად სხვა რამ არ არის მითითებული), გრძელი ნივთები, რომელთა სიგრძეც აღემატება 150 სმ‑ს; მისატანი ნივთების წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ‑ს. ქვეითი კურიერის მიერ მიტანის მომსახურების შეკვეთისას მისატანი ნივთების ზომა (სიგანე, სიგრძე, სიმაღლე) არ უნდა აღემატებოდეს 50x50x50‑ს; მისატანი ნივთების წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ‑ს;
- მყიფე ნივთები სპეციალური შეფუთვის გარეშე;
- ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელთა გავრცელებაც საქართველოში აკრძალულია.
წინამდებარე მოთხოვნები სრული მოცულობით ვრცელდება მომხმარებლის მიერ შეკვეთილ ტვირთის ტრანსპორტირების მომსახურებაზე, დიდი ზომის ნივთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გარდა.
სერვისის პარტნიორები უფლებამოსილი არიან, დააწესონ დამატებითი შეზღუდვები ტვირთის ტრანსპორტირებისა და საკურიერო მიტანის მომსახურებებზე.
მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნების არდაცვის შემთხვევაში ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას ყველა უარყოფით შედეგზე, რომლებიც, შესაძლოა, მოჰყვეს სერვისის პარტნიორების მიერ საკურიერო მიტანის ან/და ტვირთის ტრანსპორტირების მომსახურებებს. სერვისის პარტნიორი, ასევე, უფლებამოსილია, უარი განუცხადოს მომხმარებელს მომსახურების გაწევაზე, თუ სერვისის პარტნიორი/მისი წარმომადგენელი აღმოაჩენს მიტანისთვის ან/და ტრანსპორტირებისთვის დაუშვებელ ნივთებს.
2.12. ტვირთის ტრანსპორტირება მომხმარებლის მოთხოვნით ხორციელდება სერვისის პარტნიორების მიერ, ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მხარეთა შორის წერილობითი ფორმითაა გაფორმებული.
როგორც წინამდებარე წესებისა და პირობების, ისე ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთის ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის (ტვირთის მფლობელის) ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. სერვისის პარტნიორის მხრიდან კონკრეტული მომხმარებლის მიერ მითითებული პირისთვის ტვირთის გაგზავნისას, ეს პირი ითვლება ტვირთის მფლობელის წარმომადგენლად და ფლობს ყველა უფლებას და ვალდებულებას, რომელთაც ითვალისწინებს ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება და საქართველოს კანონმდებლობა.
3. მომსახურებებისთვის უნაღდო ანგარიშსწორების ფუნქცია
3.1. მომხმარებელს საშუალება აქვს, გადაიხადოს მგზავრებისა და ტვირთის ტრანსპორტირების იმ მომსახურებების ღირებულება, რომლებიც მომხმარებელს გაეწია შესაბამისი მომსახურების პოტენციური საჭიროების შესახებ მომხმარებლის მიერ სერვისის მეშვეობით განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად:
3.1.1. უშუალოდ ტაქსის სერვისის სასარგებლოდ (მათ შორის, ნაღდი ფულით ან ნებისმიერი სხვა მეთოდით, რომელიც დადგენილია ტაქსის აღნიშნული სერვისის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და რომელიც შემდგომში, როგორც წინამდებარე წესებსა და პირობებში, ისე სერვისის ინტერფეისში, მოხსენიებულია, როგორც „ნაღდი ანგარიშსწორება“). აღნიშნული საგადახდო ოპერაცია ხორციელდება Yandex Taxi‑ს მონაწილეობის გარეშე და არ რეგულირდება წინამდებარე პირობებით;
3.1.2. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია უნაღდო ანგარიშსწორების ფუნქცია მიბმული საბანკო ბარათის მეშვეობით (წინამდებარე დოკუმენტის ქვეპუნქტის 3.2. შესაბამისად); ასეთ შემთხვევაში, Yandex Taxi მოქმედებს ტაქსის შესაბამისი სერვისისგან მიღებული უფლებამოსილებით ან სხვაგვარად, უფლებამოსილი საგადახდო ოპერატორის, ელექტრონული ფულის ოპერატორის ან ანგარიშსწორებასა თუ კომუნიკაციაში ჩართული სხვა მხარის მონაწილეობით, და იღებს საგადახდო ოპერაციებს ტაქსის სერვისის აგენტის სახით ან სხვაგვარად (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „უნაღდო ანგარიშსწორება“). Yandex Taxi არ იძლევა სერვისის უშეცდომო და შეუფერხებელი მუშაობის გარანტიას უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის კუთხით.
მომხმარებლის რეგიონის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორება, შესაძლოა, წარმოებდეს Yandex Taxi‑ს, როგორც საგადახდო ოპერაციების მიმღების, მონაწილეობის გარეშე, ან Yandex Taxi‑ს, როგორც ანგარიშსწორებასა თუ კომუნიკაციაში ჩართული სხვა მხარის, მონაწილეობით.
გადახდის შესაბამის ფორმას მომხმარებელი ირჩევს სერვისის ინტერფეისში. ამ მხრივ, უნაღდო ანგარიშსწორების რაიმე მიზეზით შეუძლებლობის (მათ შორის — თუმცა ამით არ შემოიფარგლება — ამ ფუნქციის დროებითი ტექნიკური მიუწვდომლობის, მიბმული ბარათის მეშვეობით უნაღდო ანგარიშსწორების დროებითი ან მუდმივი შეუძლებლობის და მიბმულ ბარათზე არასაკმარისი თანხის) შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, ნაღდი ფულით გადაიხადოს ღირებულება.
უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, მგზავრებისა და ბარგის ტრანსპორტირების მთლიანი ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც ერთი ტრანსაქციის სახით, ისე ნაწილ‑ნაწილ, რამდენიმე ტრანსაქციად, მგზავრობისას და მისი დასრულების შემდეგ.
უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, მგზავრებისა და ბარგის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდის პარალელურად, თავისი შეხედულებისამებრ, დამატებით, უნაღდო ანგარიშსწორებით, გადაუხადოს ტაქსის სერვისს მგზავრებისა და ბარგის ტრანსპორტირების სერვისისთვის გადასახდელი თანხის გარკვეული პროცენტი (შემდგომში, წინამდებარე წესებსა და სერვისის ფარგლებში, მოხსენიებული, როგორც „სამადლობელი თანხა“).
3.2. მომხმარებელმა სერვისის ინტერფეისში უნდა განსაზღვროს მიბმული საბანკო ბარათი შემდეგი მონაცემების მითითებით:
- საბანკო ბარათის ნომერი
- მოქმედების ვადა
- უსაფრთხოების კოდი
თუ საბანკო ბარათის მონაცემები იქნება სწორი და მოქმედი, ხოლო ამ ბარათის სერვისის ფარგლებში გამოყენება — ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელი, აღნიშნული საბანკო ბარათი მიებმება და შესაძლებელი გახდება მისი გამოყენება უნაღდო ანგარიშსწორებისთვის (წინამდებარე დოკუმენტის ქვეპუნქტი 3.1.2). ყველა მიბმული ბარათი აისახება სერვისის ინტერფეისში; მომხმარებლის კომფორტისთვის, ინტერფეისში აისახება მიბმული ბარათის ნომრის ბოლო 4 ციფრი.
3.2.1. მომხმარებელს, ასევე, შეუძლია, მიუთითოს მესამე მხარეთა იმ სერვისების ინტერფეისებში მიბმული ბარათი, რომელთა მიერაც მხარდაჭერილია როგორც სერვისთან და ანგარიშსწორებაში ჩართულ მხარეებთან ინტეგრაცია, ისე მომხმარებლის საგადახდო ოპერაციის ავტორიზება, რა დროსაც მიბმული ბარათის შესახებ ინფორმაცია არ გადაეცემა Yandex Taxi‑ს. ამ შემთხვევაში, წინამდებარე დოკუმენტის ქვეპუნქტების 3.2 და 3.3 დებულებები არ მოქმედებს.
მესამე მხარის იმ სერვისების გამოყენება, რომლებიც აღნიშნულია წინამდებარე დოკუმენტში, რეგულირდება მესამე მხარეების წესებით. Yandex Taxi არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ მესამე მხარის ასეთი სერვისების გამოყენებაზე და არ იძლევა მესამე მხარის ამგვარი სერვისების უსაფრთხო და გამართული მუშაობის გარანტიას.
3.3. მომხმარებლის მიერ მიბმული ბარათის დამატებისა და კონკრეტული მგზავრობის ღირებულების გადასახდელად უნაღდო ანგარიშსწორების ფუნქციის არჩევის შემთხვევაში, მიბმული ბარათის მონაცემების სისწორისა და ნამდვილობის დასადასტურებლად, ჩამოიჭრება თანხა 5 RUB‑მდე ოდენობით (ან სხვა თანხა მომხმარებლის რეგიონის ვალუტაში); ტრანსაქციის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, აღნიშნული თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება. თუ აღნიშნული თანხის ჩამოჭრა ვერ მოხერხდა, ჩაითვლება, რომ ამ კონკრეტული მიბმული ბარათის დამატება ან/და, შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების ფუნქცია მიუწვდომელია.
3.4. მიბმული ბარათის დამატებისას და მისი დამატების შემდეგ ნებისმიერ დროს მომხმარებელს შეუძლია სამადლობელი თანხის ნაგულისხმევი ოდენობის დაყენება ან/და შეცვლა სერვისის ინტერფეისის მეშვეობით; მომხმარებელს საშუალება აქვს, სერვისის ინტერფეისში შეცვალოს სამადლობელი თანხის ოდენობა კონკრეტული მგზავრობისთვის, მისი დასრულების შემდეგ.
3.5. სამადლობელი თანხა (ნაგულისხმევი ან მომხმარებლის მიერ კონკრეტული მგზავრობისთვის საგანგებოდ მითითებული ოდენობით) ჩამოიჭრება მიბმული ბარათიდან, თუ მომხმარებელი მგზავრობის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში მგზავრობას სერვისის ინტერფეისში შეაფასებს მაღალი ქულით (4‑5 ვარსკვლავი) და დააჭერს ღილაკს „მზადაა“, ან მგზავრობას საერთოდ არ შეაფასებს (არ მიუთითებს ვარსკვლავების რაოდენობას) და დააჭერს ღილაკს „მზადაა“.
3.6. თუ მომხმარებელი მგზავრობის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში მგზავრობას სერვისის ინტერფეისში შეაფასებს დაბალი ქულით (1‑3 ვარსკვლავი) და დააჭერს ღილაკს „მზადაა“, ბარათიდან სამადლობელი თანხა არ ჩამოიჭრება.
3.7. თუ მომხმარებელი მგზავრობის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში არ დააჭერს ღილაკს „მზადაა“, სამადლობელი თანხა (ნაგულისხმევი ან მომხმარებლის მიერ კონკრეტული მგზავრობისთვის საგანგებოდ მითითებული ოდენობით) მიბმულ ბარათზე დაიბლოკება 24 საათით, რომელთა განმავლობაშიც მომხმარებელი შეძლებს სამადლობელი თანხის გაზრდას ან შემცირებას შესაბამისი მგზავრობისთვის. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ, სამადლობელი თანხა ჩამოიჭრება მომხმარებლის მიერ მითითებული (ნაგულისხმევად ან კონკრეტული მგზავრობისთვის) ოდენობით.
3.8. მომხმარებლის მიერ უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უფლებამოსილი საგადახდო ოპერატორის ან ელექტრონული ფულის ოპერატორის მონაწილეობით და რეგულირდება საერთაშორისო საგადახდო სისტემების, ბანკების (მათ შორის, მიბმული ბარათის გამცემი ბანკის) და ანგარიშსწორებაში ჩართული სხვა მხარეების წესებით.
3.9. მიბმული ბარათის მონაცემების მითითებით, წინამდებარე დოკუმენტის ქვეპუნქტის 3.2 შესაბამისად, და მისი შემდგომი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ მან მიუთითა სარწმუნო და სრული ინფორმაცია მის სახელზე გაცემული მოქმედი საბანკო ბარათის შესახებ; საბანკო ბარათი შეესაბამება საერთაშორისო საგადახდო სისტემების წესებსა და მიბმული ბარათის გამცემი ბანკის მოთხოვნებს, მათ შორის, უნაღდო ანგარიშსწორების პროცედურასთან დაკავშირებით.
3.10. მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმდება, რომ მომხმარებლის მიერ დადასტურებული მობილური ტელეფონის ნომრით სერვისის ფარგლებში შესრულებული ყველა ქმედება, მათ შორის, მიბმული საბანკო ბარათით უნაღდო ანგარიშსწორება, ითვლება მომხმარებლის მიერ შესრულებულად.
3.11. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება უნაღდო ანგარიშსწორების ფაქტს ან/და თანხას, ან სხვა შეკითხვა აქვს მიბმული საბანკო ბარათის სერვისის ფარგლებში გამოყენებასთან დაკავშირებით, მას შეუძლია, მიმართოს Yandex Taxi‑ს სერვისის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და მხარდაჭერის სამსახურის (უკუკავშირის) ინტერფეისის მეშვეობით უნაღდო ანგარიშსწორებიდან ან სხვა ისეთი ქმედებებიდან თუ მოვლენებიდან 14 დღის განმავლობაში, რომლებიც მომართვის მიზეზი გახდა.
თუ ამგვარი მომართვის შემოწმების შედეგად Yandex Taxi გადაწყვეტს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნებას, აღნიშნული თანხა დაბრუნდება იმ საბანკო ბარათთან დაკავშირებულ საბანკო ანგარიშზე, რომლითაც განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორება. თანხის დაბრუნება ხორციელდება უფლებამოსილი საგადახდო ოპერატორის ან ელექტრონული ფულის ოპერატორის მონაწილეობით და რეგულირდება საერთაშორისო საგადახდო სისტემების, ბანკების (მათ შორის, მიბმული ბარათის გამცემი ბანკის) და ანგარიშსწორებაში ჩართული სხვა მხარეების წესებით. თუ Yandex Taxi არ არის ჩართული მიბმული ბარათით განხორციელებულ ანგარიშსწორებაში, Yandex Taxi‑ს შეუძლია, შეასრულოს იმ ორგანოს ფუნქცია, რომელიც მომხმარებლის ზემოაღნიშნულ მომართვებს გადასცემს ტაქსის სერვისებს, სადისპეტჩეროებს ან ნებისმიერ სხვა პირებს, რომლებიც მიბმული ბარათით განხორციელებული ზემოთ აღნიშნული ტრანსაქციის მიმღებია.
3.12. Yandex Taxi იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან მის მიერ სერვისში მითითებული მონაცემების, მათ შორის, მიბმული საბანკო ბარათის მონაცემების, დადასტურება და დამადასტურებელი დოკუმენტები (კერძოდ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები), რომელთა წარუდგენლობაც, Yandex Taxi‑ს შეხედულებისამებრ, შესაძლოა, ჩაითვალოს ცრუ ინფორმაციის მოწოდებად, რასაც მოჰყვება წინამდებარე დოკუმენტის ქვეპუნქტით 2.5 გათვალისწინებული შედეგები.
3.13. მგზავრებისა და ბარგის ტრანსპორტირების მომსახურებათა ღირებულების გადახდის პირობებსა და პროცედურასთან დაკავშირებული დებულებები, რომლებიც მითითებულია წინამდებარე პუნქტში, არ იმოქმედებს, თუ აღნიშნულ მომსახურებათა ღირებულებას მომხმარებლის ნაცვლად იხდის მესამე მხარე, ამგვარ მესამე მხარესთან Yandex Taxi‑ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. საზიარო ანგარიშის ფუნქცია
4.1. მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილ Yandex Taxi‑ში მომხმარებელს, შესაძლოა, ჰქონდეს საზიარო ანგარიშის შექმნის ვარიანტი, ანუ შესაძლებლობა, ერთი შექმნილი ანგარიშით რამდენიმე მომხმარებელმა ისარგებლოს, ასევე, საზიარო ანგარიშის წევრებმა განახორციელონ უნაღდო ანგარიშსწორება მგზავრებისა და ბარგის ტრანსპორტირების/სხვა მომსახურებისთვის საზიარო ანგარიშთან მიბმული იმ საბანკო ბარათის მეშვეობით, რომელმაც ეკუთვნის საზიარო ანგარიშის შემქმნელ მომხმარებელს.
4.2. საზიარო ანგარიშის შესაქმნელად მომხმარებელმა უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- მომხმარებლის ტელეფონის ნომერი
- ელფოსტის მისამართი
- საზიარო ანგარიშის წევრი მესამე მხარეების ტელეფონის ნომრები
- მიბმული საბანკო ბარათის მონაცემები, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე დოკუმენტის ქვეპუნქტში 3.2
მომხმარებელს საშუალება აქვს, საჭიროებისამებრ, მიუთითოს სხვა მონაცემები.
4.3. „საზიარო ანგარიშის“ ფუნქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, შექმნას შემდეგი ტიპის საზიარო ანგარიშები:
4.3.1. საოჯახო ანგარიში.
4.3.2. ბიზნესანგარიში.
4.4. საოჯახო ანგარიშის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხ) მომხმარებელს.
4.5. ბიზნესანგარიშები, მონაწილეთა რაოდენობის კუთხით, არ უნდა აღემატებოდეს 20 (ოც) მომხმარებელს. მომხმარებლებმა, შესაძლოა, მიიღონ დამატებითი ფუნქციები და სერვისები ცალკე საფასურის სანაცვლოდ.
4.6. საზიარო ანგარიშის ფუნქციის გამოსაყენებლად ანგარიშის წევრებმა, რომელთა მობილური ტელეფონის ნომრებიც მიუთითა მომხმარებელმა წინამდებარე დოკუმენტის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, თავიანთ მობილურ მოწყობილობებზე უნდა დააყენონ Yandex Taxi‑ს აპი.
4.7. როცა წევრი აქვეყნებს ინფორმაციას მგზავრებისა და ბარგის ტრანსპორტირების/სხვა მომსახურების პოტენციური საჭიროების შესახებ, წევრმა სერვისის ინტერფეისში უნდა მიუთითოს, რომ სერვისი გამოიყენება საზიარო ანგარიშის ფუნქციის მეშვეობით.
4.8. მომხმარებელმა საზიარო ანგარიშის მომხმარებლებს უნდა გააცნოს საზიარო ანგარიშის ფუნქციის გამოყენების პირობები, ასევე, მოიპოვოს მათი თანხმობა საზიარო ანგარიშის ფუნქციით სარგებლობისთვის აუცილებელი ტექნიკური და სხვა სახის შეტყობინებების მიღების შესახებ.
5. Yandex Taxi‑ს მონაცემები
შპს რაიდტექ ჯორჯია
საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, მერაბ ალექსიძის ქუჩა N13, შესასვლელი 2, სართული 9, ბინა N59
რეგისტრაციის ნომერი: 402218890
e-mail: support@taxi.yandex.com
გამოქვევნების თარიღი: 13.12.2024
ძალაში შესვლის თარიღი: 13.12.2024
დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/06122024
დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/04102024
დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/16012024
დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/06042023
დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/26092022
დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/01072022
დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/15062021
დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/30122020